დღეს მე ახალბედას (ანუ “ჩაინიკის”) სტატუსით შემოვუერთდი ბლოგს, რომელსაც ჩემი მეგობრების წყალობით, დიდი ხანია თვალს ვადევნებ. იმის გათვალისწინებით, რომ სათქმელი, ალბათ, მეც ბევრი მაქვს, არ ვიცი საიდან დავიწყო. თან არც დიდი ნიჭით დაჯილდვოებული ვარ, ზოგ-ზოგიერთებივით წერის საკითხში, ამიტომ წინასწარ ვითხოვ პატიებას დაშვებული შეცდომებისთვის და იმედია არ დამძრახავთ თუ მეტწილად მკითხველის სტატუსით ვიქნები და არა მწერლის J
მოკლედ, ეს წინასიტყვაობა იყო და ახლა ცოტაოდენი რამ ჩემს შესახებ.
მე, გვანცა დელიდი, დავიბადე ქ. თბილისში 1981 წლის, 20 დეკემბერს.
გათენდა კვირა დღე, მეც გავჩნდი და მამაჩემმა სასწრაფო წესით სასიყვარულო წერილი გაუგზავნა დედას, სადაც მის სიყვარულთან ერთად, თავის დიდ ბედნიერებას გამოხატავდა, ასეთი ლამაზი გოგოს ჩუქებისთვის. მადლობას უხდიდა მთელი გულით, მაგრამ ბოლოს გაკრული ხელით P.S. მიაწერა: „100გრ. ხორცი დაგენანა ? „
აი ასე გაუხარდა ყველას გოგოს გაჩენა, მაგრამ არ გეგონოთ მძიმე ბავშვობა მქონდა, პირიქით, მამას მაშინვე დაავიწყდა სასურველი 100გრ. როცა ხელში დამიჭირა და წითელლოყება, შავთვალება, მსუქანი „ძროხა“ (მამიდა მეძახდა ძროხას) ჩამიკრა გულში. მას შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჩემი ძმა დავითი (+ 100 გრ.) , გვარის გამგრძელებელი არ დაიბადა. პირველი რამდენიმე თვე რეაქცია არ მქონდა, რადგან ძალიან მახინჯი იყო. დედაც სტუმრებს ჩემით ართობდა და დათოს მალავდა, სძინავსო. ამასობაში ჩემი მახინჯი იხვის ჭუკი ძალიან გალამაზდა და გახარებულმა მშობლებმა სასეირნოდ გაიყვანეს ვაკის პარკში. ჩემი ძმის წყალობით, (მე, სასტიკად გატუტუცებული დედაკაცი) აღმოვჩნდი მეორე ადგილას, რასაც ძალიან დიდხანს ვერ ვპატიობდი და ისე ვამწარებდი ამ პატარა კაცუნას რომ გახსენებისას, ახლაც კი სინანულით მევსება თვალები. მოკლედ, მალე შემიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სურვილი მაქვს ისევ ამოვუგდო ხელი ან ძილის დროს საბნის ქვეშ თბილი წყალი შევასხა, ვითომ ისევ ჩაიფსა J მაგრამ თავს ვიკავებ, ახლა დიდია და მომერევა J
მეც გავიზარდე. რომანტიზმით შებყრობილს 19 წლის ასაკში მომიწია გათხოვება, მეტს ვეღარ ვითმენდი. ბებიაჩემის სიტყვები მახსენებდა, რომელიც მაშინ ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენე „გადადებული საქმე ეშმაკისააო“, რა მინდოდა? რას გავრბოდი ? რა მეჩქარებოდა ? რა დროს ეშმაკი იყო? მაგრამ იმასაც ამბობენ „რაც გიწერია არ აგცდებაო“, ხოდა არც ამცდა!
დღეს კი 2 გამომცხვარი ბისკვიტი სიცოცხლეს მირჩევნია. დილა თენდება და თავბრუსდამხვევი სისწრაფით ვაგრძელებ ყოველდღიური „რუტინის“ რითმს. მიყვარს წუთები მათთან ერთად გატარებული, რომელიც მთელი ცხოვრება მამახსოვრდება. მაგალითად, ერთხელ კესარია (ჩემი პატარა გოგო) ქოთანზე იჯდა და ჩაფიქრებულმა გაბრწყინებული თვალებით დიდი მადლობა გადამიხადა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ჩავეძიე და მითხრა, მადლობა იმიტომ, რომ გამაჩინეო J ალბათ, წარმოგიდგენიათ რაოდენ კმაყოფილების შემოტევა მქონდა იმ წამს, მაგრამ დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვღე და უბრალოდ გავუღიმე. მერე დავსვი კითხვა მეგობრებში, ვინმეს, ოდესმე თუ გადაუხდია დედისთვის მადლობა, მხოლოდ იმისთვის, რომ გააჩინა? პასუხი იყო არა!
ამიტომ, თქვენც ნუ დააყოვნებთ. აჩუქეთ დედას უკვდავების წამები. ჩაეხუტეთ და მთელი გულით გამოხატეთ მადლიერება, ისევ ისე როგორც მე გამახარა ჩემმა 4 წლის გამომცხვარმა ბისკვიტმა.
დანარჩენს დროთაგანმავლობაში მოგახსენებთ. J
DG / 27.01.2012