Tuesday, May 29, 2012

Felicità



Felicità



ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გბეზრდება ყველაფერი. თვალს ხუჭავ,  ხელს იქნევ და ამბობ რომ ძალიან დაიღალე. გარშემო უფერულდება ყველაფერი და ვერ პოულობ სათანადო მოტივაციას მოაგვარო შენს გარშემო აღმოცენებული პრობლემები. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სამსახურის, ოჯახის, სიყვარულის, ან საერთოდ მისი უქონლობის გამო, მაგრამ არსებობს ასევე მომენტები, როცა ხვდები რომ ძალიან ბედნიერი ხარ. უბრალოდ, ხშირად ბედნიერებას აღვიქვამთ თავისთავადად,  თითქოს ეს ნორმალურია, მაგრამ საკმარისია გვეწვიოს განსაცდელი და ძალიან ბევრ რამეზე ვიწყებთ ფიქრს. ვაანალიზებთ, თუ რამხელა ბედნიერებაა როცა ხარ ჯანმრთელი, გყავს ოჯახი, მეგობრები, სამსახური, როცა ახდენ შენი თავის რეალიზაციას და შეგიძლია სიყვარული. ბედნიერებაა გაზახულის მოსვლა, როცა სისხლი უკუღმა იწყებს ტრიალს და ღრმად ისუნთქავ ბუნების თავბრუსდამხვევ სურნელს, როცა ჩიტები ბუდეებს უბრუნდებიან, წვიმიანი დღეები, კი არ იწვევს ნოსტალგიას და არ გვაყენებს მელანქოლიურ განწყობაზე, რადგან გაზაფხულზე წვიმას ყოველთვის ცისარტყელა მოსდევს, რომელიც ბავშობიდან მაოცებს, მისი ფერების ნაირსახეობა  და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვინ იცის რამდენჯერ მინატრია მის ქვეშ გაძრომა და სურვილის ჩაფიქრება, თუმცა სურვილი აუცილებლად რეალური უნდა ყოფილიყო. რომ არ ამსრულებოდა, ალბათ ოცნების უნარს დავკარგავდი და ვინ იცის, იქნებ მერე ცხოვრებაზეც ამცრუებოდა გული. ამიტომ, რეალური ერთი სურვილი რთული შესარჩევი იყო, რადგან ყველა ჩემი ოცნება ახდენილი მინდოდა მქონოდა. წელს კი გაზაფხულმა ძალიან მალე ჩაიქროლა. ეს შეიძლება რიგი მიზეზების გამო მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ან უბრალოდ დრო არ მქონდა იმაზე ფიქრის, რომ გარეთ დათბა და მწვანე ფერმა იმატა თბილისში. არ მინდა თემას ძალიან გადაუხვიო და დავბრუნდები ისევ იქ, როცა ხვდები რომ ბედნიერი ხარ. ბედნიერება ყველას სხვადასხვაგვარად აქვს წარმოდგენილი. შეიძლება, ჩემი ერთი მეგობარი კარიერულ წინსვლაში ხედავს ბედნიერებას, მეორე გართობაში, მესამე სიყვარულში, მეოთხე ოჯახში და ასე შემდეგ, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს რაც ჩამოვთვალე ყველასთვის ერთგვარი ბედნიერების ამსახველი მომენტებია. ბედნიერებაა დილით ცუდი სიზმრის მერე, რომ იღვიძებ და შვებას გრძნობ; როცა ექიმის განაჩენს ელოდები და ჯანმრთელი ხარო გეტყვიან; როცა ვერ ამხელ გრძნობას და ის გასწრებს სიყვარულის ახსნას; როცა ცეკვის დროს ხუჭავ თვალს და რითმს მიყვები, ის კი მიმართულებას გაძლევს როგორ უნდა იმოძრაო. მუსიკა ბოლომდე გიპყრობს და გაშმაგებული ჰანგები სულს გიფორიაქებენ. ბედნიერებაა როცა ვიცით, რომ გაზაფხული კიდევ მოვა, კიდევ ვიგრძნობთ ყვავილების, სველი ასფალტის და გემრიელი ხილის სუნს. მოუსმენთ ჩიტების ჭიკჭიკს, ბავშვების ჟრიამულს და პარკში კამათლის ჩხარუნის ხამს. ეს ყვეელაფერი ბედნიერებაა. ბედნიერი ვარ მე, რომ მყავხართ თვენ. თქვენ კი წამით დაივიწყეთ რაც კი ცუდი რამ ხდება, ან მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, დახუჭეთ თვალები და ჩართეთ თქვენი საყვარელი მელოდია, გულთან ახლოს მიიკარით თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი და აყევით რითმს. ნუ მოგერიდება, თუ მიხვდები, რომ სიამოვნებისგან სულელივით გეღიმება, თავბრუ თუ დაგეხვევა და ხმამაღლა ამოიოხრებ, შენ დღეს ბედნიერი ხარ! არასდროს დაივიწყო და შეეცადე აუხსნა სხვასაც, რომ განსაცდელი დროებითია, მთავარია დასძლიო საკუთარ თავს და იფიქრო მხოლოდ კარგზე. მაშინაც კი, როცა გგონია, რომ მარტო ხარ, გახსოვდეს, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მოგისმენს და გაგიგებს, ვისაც შესტკივა შენზე გული და უანგაროდ უყვარხარ. ბედნიერი ვარ მაშინაც, როცა ვიხსენებ წარსულს, ვგეგმავ მომავალს და  ვიღვიძებ დილით. ახალი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისია. თუ არ მოგწონს რამე, შეცვალე! თუ ვერ ცვლი, ისწავლე მისგან სიამოვნების მიღება! ნუ ეძებ ბედნიერებას. გახსოვდეს, რომ ის ყოველთვის შენთან არის. ოღონდ აღიარე და ხმამაღლა თქვი რომ დღეს შენ ბედნიერი ხარ!