დაკარგულის ძიებაში
განცდა: რაღაც
დავკარგე...
ემოცია: თურმე როგორ მომნატრებია.
ინტერესი: ვცადო ამოვხსნა რა მოხდა ?
რეალობა: გამიჭირდება, რადგან ყველაფერი ჩემი ბრალია.
იმედი: ვიცი, შეუძლებელი არაფერია.
მიზანი: მე შენ მაინც დაგიბრუნებ!

ჩემდა სასიკეთოდ
მოვახერხე და ცხოვრების ყველა მძიმე ეპიზოდი ერთ დიდ კიდობანში მოვათავსე, რომელიც
ყველაზე ბნელ და მიუვალ კუთხეში დავმალე. ბოროტმა ფერიამ, თუ ზედიზედ ბევრი მუქი ტალღა არ გამოუშვა საჩუქრად, მისი ადგილსამყოფელი ხშირად მეც მავიწყდება.
მაგრამ...
ცოტა ხნის წინ
დავდექი მწარე რეალობის წინაშე. უფრო სწორად რომ ვთქვა, სულ ცოტა ხნის წინ გავაანალიზე,
რომ ჩემი „ფენტეზი“ დასრულდა, რამაც საშინლად ამაფორიაქა.
ძალიან მწყდება
გული...
ნოსტალგია: მახსენდება
დრო, როცა განუყრელად ერთად ვიყავით.
ზაფხულში: როცა დილით, მზე გაღვივდებოდა და საწოლში გაჩერება და თავის მომძინარუნება გაუსაძლისი ხდებოდა - მაინც ვწელავდი დროს... მიჭირდა შენი დათმობა.
როცა ღამე, ფანჯრის
რაფაზე შემომჯდრები, ფარდის უკან ჩუმად მოპარულ სიგარეტს ვეწეოდით და Sade-ს, Tupak-ს ან Simply Red-ის სიმღერებს
ვუსმენდით... წამები, წუთები, საათები ისე გამპარვიან, რომ გარიჟრაჟს არაერთხელ შემოულაწუნებია
გემრიელი სილა.
ზამთარში: როცა გაღუღუნებულ საწოლში, ჯერ კიდევ სიბნელეში მონოტონური ხმა მაღვიძებდა
„გაიღვიძე-დაგაგვიანდება-გაგვიანდება-დაგაგვიანდა“ სიზარმაცეს კიდევ ხუთ წუთს ვჩუქნიდი საზეიმოდ, რადგან მე შენთან ერთად
ვიყავი.
როცა შუქი ქვრებოდა,
სანთელი სანთელზე დნებოდა და ბუხარს წკაპა-წკუპი გასდიოდა ყველაზე თამამად მაშინ შემეძლო
შენთან ყოფნა. მესეირნა ვირტუალურ ქუჩებში ფერადი წვიმის ქვეშ. ავმძვრალიყავი იასამნისფერ
ციცაბო კლდეზე და მწვერვალზე დამალული შავი, მუშტისხელა მარგალიტი მეპოვნა. გამეშალა
გამჭვირვალე ფრთები და ყველა თვითმფრინავზე ჩქარა მეფრინა. მეთამაშა ქალთევზებთან ერთად
ოკეანეს ფსკერზე და საუკუნეების წინ ჩაძირული გემები მეთვალიერებინა.
ახლა ვხვდები - მენატრები !
მომწყინდა რუტინული რეალობა. წლების წინ დავმიწდი და ფრთებიც გაქრა.
დამრჩა მხოლოდ
ნატვრის ხე, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვაბავ დაფლეთილ ცხვირსახოცებს. ნატვრა კი ძლიან
განსხვავდება ოცნებისგან.
თავს ვდებ ბალიშზე
და წამის მეასედში მეძინება. არა იმიტომ რომ მე გადაღლილი ვარ... არა, უბრალოდ ოცნება
დამავიწყდა. უდიერად შემოვდე რომელიღაც მაღალ თაროზე და ახლა ვეღარ ვპოულობ.
ვიცი, მე მარტო
არ ვარ ! არც ჩემი ოცნებაა მარტო. მას ძლიან ბევრი სხვადასხვა ფერის ოცნებები დაუმეზობლდნენ.
ვინ იცის, კიდევ რამდენმა დაკარგა ვარდისფერი სათვალე ? ვინ დათვლის რამდენ ჩემ მეგობარს
დაავიწყდა საერთოდ მისი არსებობა და ვინ გამოიძიებს ამ ყველაზე დიდი დანაშაულის საწყის
მიზეზს?
გადავწყვიტე მივიდე
ფსიქოლოგთან და აჯღავლებულმა ვუამბო ჩემი პრობლემა, მაგრამ ვის დავაბრალო ჩემი წარუმატებლობა? ვის მოვთხოვო
პასუხი? ექიმებს? ახლობელ ადამიანებს? მეგობრებს? ნათესავებს??? და მე რას ვაკეთებ
ამ დროს? სხვა რას გახდება ჩემ ქვეცნობიერში თუ მეც არ მოვინდომე იქაორობის დალაგება?.
„შეიწუხე თავი და იმუშავე შენი „მე“-ს კეთილდღეობისთვის, სწორედ ისე როგორც პურის და
სხავადსხვა ფუფუნების გულისთვის მუშაობ. როცა გშია და პირის გაღება გეზარება ვერ დანაყრდები.“
... შემოვუძახე საკუთარ თავს, მაგრამ ვხვდები, რომ რთული ამოცანა დავისახე. „ჭია ჭია
მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ“ სად ვეძებო? „ცივა თუ ცხელა?“, თუმცა თქვენ საიდან
უნდა იცოდეთ ? ის ხომ ჩემია და მე დავმალე.
დგება დრო როცა ახალს ნაკლებად ეძებ. ახალი მეგობარი, ახალი ურთიერთობა, ახალი სტილი... ჯიუტდები „იასავით“ როცა „ენძელა“ ახალს გთავაზობს და გაცვეთილ ძველს შეჰნატრი.
ეს ის მომენტი
არ არის.
მინდა ახალი ოცნება,
მინდა ახალი თავგადასავალი, მინდა დავხუჭო თვალები და ვიგრძნო მზის სხივი ცივი ზამთრის
დილას; გავჩნდე უსახელო კუნძულზე და დავტკბე ცისფერი ქვიშით და ოქროსფერი მოლივლივე
ზღვით ვარდისფერი ცის ქვეშ; გავიღვიძო რენესანსის ეპოქაში; დავიძინო
პოლარული ციალა ცის ნათების ქვეშ; ვიცეკვო კანკანი მულენ რუჟის მაქმანებიან მოცეკვავეებთან
ერთად J
არ არის აუცილებელი
ყველა ოცნება ახდეს და რეალობად იქცეს...
მაგრამ...
ილუზია მინდა,
შემოდგომაზე გაზაფხული მინდა, ბევრი გვირილები მინდა, სიხარულისგან მოკვნეტილი ტუჩი მინდა, მეტი სითამამე
მინდა, მეტი თავისუფალი დრო მინდა, წარსული
წუთების დაბრუნება მინდა, მთელი მსოფლიოს შემოვლა მინდა, ძლიერი ემოცია
მინდა, წითელი Ferari მინდა,
სიბერეში შვილიშვილებისთვის ბევრი ისტორიის მოყოლა მინდა, წვიმაში ცეკვა მინდა, ლატარიის
მოგება მინდა, მუცელში პეპლები და ფეიერვერკები მინდა, ფერადი სიზმრებიც მინდა ...
და შენ ?
შენ რა გინდა
?