Friday, December 21, 2018

მანამ/სანამ ცხელია ჩემი ემოცია...


სამადლობელიც გამოცხვა ;)

„დაუვიწყარი დღე“ ... იმედი მაქვს ყველას გქონიათ, მაგრამ ემოციების სინთეზს, მის სწორ დაგეგმვას და განაწილებას, ნამდვილად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა...
ერთ მშვენიერ დღეს, როცა მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე და მას შემდეგ განვლო 37-მა წელმა გამითენდა ის დილა, როცა გავხდი ერთი ლამაზი თამაშის მთავარი გმირი.

მიყვარს 20 დეკემბერი! ყოველთვის მიყვარდა და მაბედნიერებდა.. საჩუქრები, მოლოცვები, მეგობრები და იმდენი პოზიტივი, რამდენასც ჩემი სხეული, თუ გონება დაიტევს.
დილა დაიწყო, როგორც ყოველთვის, ფორიაქში... გაიღვიძეთ! გვაგვიანდება! ჭამეთ? დაიბანეთ? ჩაალაგეთ?... მოკლედ, მორიგი ყოფითი პრობლემებით, რომელსაც ძალაუნებურად ძილბურანში ვაგვარებთ. დღეს კი ამის მიღმა შინაგანი ფორიაქიც დაერთო, რადგან სწორედ ის დღე იყო, რომელსაც წინა წლის 21 დეკემბრიდან ველოდებოდი.

მიყვარს 20 დეკემბერი! სამსახურის ავტოფარეხიდან იწყება ოვაციები, მოლოცვები, ვისაც არ ახსოვს რა დღე გათენდა, არ მეზარება და ვახსენებ. შეძლებისდაგვარად ვშთანთქავ მთელ დადებით ენერგიას, რომელსაც ჩემსკენ უშვებენ. გამოვიარე ფარეხი, ეზო, ლობი, ლიფტი, მიმღები და გაცისკროვნებულმა მოვაღწიე სამუშაო მაგიდასთან, სადაც 3 ც. დანომრილი კონვერტი შევნიშნე ... რათქმაუნდა ნუმერაციას აქვს მნიშვნელობა....

კონვერტი #1 - არ დაიშურეს „ქებაი და დიდებაი“ :)  მოლოცვები და კეთილი სურვილები... უხ, როგორ მიყვარხართ სათითაოდ თქვენი ბულბულებით და ოფოფებით :)  აქვე გამომიცხადეს, რომ 14:00  საათზე მელოდებიან ამადაამ მისამართზე და აი ვაი.... თავში ათასმა აზრმა გამიარა... სიურპრიზები ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღა ამ სამუშაო დღეს ? ... რა ვთქვა სამსახურში? ... არ დაგიმალავთ და დაძაბვას ჰქონდა ადგილი ! :) 

კონვერტი #2 - გაპრანჭული, აურა პლიუსის ვაუჩერი „სარეაბილიტაციო ცენტრი - 14:00 საათი - მასაჟი ოთხ ხელში“ ... თვალები ამენთო, ძვლებმა ჭრიალი დაიწყო და გონება სურნელოვანი ეთერზეთების სურნელში გაილია... მაგრამ დაძაბულობამ უფრო იმატა ! რაღა ამ სამუშაო დღეს ?... რა ვთქვა სამსახურში ?...

კონვერტი #3 - კარგად ნაცნობ, თეთრ ქუთქუთა ქაღალდზე, ოქროსფერი ლოგოს ქვეშ, ბეჭდური ტექსტის მიღმა ლურჯი მელნით მოხაზულმა ხელწერამ გადაარჩინა ჩემი „ბოლთა“  ცემისგან :)   -  წერილი GMT-ის ბლანკზე, გენ. დირექტორის ხელმოწერით -               
„შეგიძლია იზეიმო“ .......

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო !


აი, სწორედ ის დღე დაიწყო, როცა ზუსტად ვიცოდი, უფრო სწორად ვგრძნობდი, რომ ტყუილად არ ველოდებოდი ამ დღეს წინა წლის 21 დეკემბრიდან...

მიყვარს 20 დეკემბერი! 
ინტერესით ანთებული, სასიამოვნოს მოლოდინში ზუსტად 14:00 საათზე აურაში გავჩნდი.


ის - მობრძანდით
მე - გამარჯობა, მგონი თქვენთან ვარ ჩაწერილი.
ის - რათქმაუნდა, თქვენ გვანცა ხართ ???  თვალები გაუნათდა..
მე - დიახ მე ვარ ! .... მესიამოვნა

სასიამოვნო გარეგნობის გოგონა იყო. გადახედა გვერძე მდგომ ქალბატონს და უთხრა მოემზადეთო.... მოკლედ, დეტალებში აღარ შევალ, რადგან დაუსრულებლად შემიძლია განვავრცო და გადმოგცეთ ის ემოცია, რაც...რაც...რაც... :)   

და აი მიილია ოთხ ხელში ჯადოსნური ერთი საათი, როცა თავი ავატარის ფერად ბაღში მეგონა, სადაც ნეონის ტყე სხვადასხვა ფრად ბრჭყვიალებდა და სიცოცხლის ხე უფრო მეტ სიმხურვალეს და სინათლეს გამოსცემდა. დამამშვიდებელი ჩაით გამასპინძლების შემდეგ ამჩატებული გასასვლელისკენ გავეშურე, სადაც ისევ ის სასიამოვნო გოგონა შემეგება და დამატებით ერთი კონვერტი გადმომცა.
-        -  ეს თქვენ ...

ახალი მისამართი. ახალი თავგადასავალი. გავფრინდი ახალი ემოციის ძიებაში ...

ფიქრები ერთმანეთში მერეოდა. ისეთი შეგძნება მქონდა, თითქოს აბაშიძეზე ესკალატორი დააყენეს, ისეთი როგორც აეროპორტებშია.... როცა გეჩქარება გეითთან მისვლა და ენერგიის დაზოგვის მიზნით სწორ გზაზე დამონტაჟებულ მოძრავ ბილიკზე გადადიხარ დანიშნულების ადგილთან მისასვლელად.

აღმოვჩნდი ნატალის სალონში ... - ახალი ტრენდია; აქამდე მხოლოდ მსმენია; ამბობენ,  სასწაულებს ახდენენ ერთ საათშიო .... ვნახოთ, ვნახოთ...
მე - გამარჯობა, მე გვანცა ვარ და მგონი თქვენთან ვარ ჩაწერილი.
ის - დიახ, გვანცა გელოდებოდით...  მაგიღიმა და მომდევნო ოთახისკენ მიმითითა.
შევედი და აქ ოთხი ხელის ნაცვლად ექვსი დამხვდა :) 
ჯადოქარი სტილისტი; მწვანე ფერია „მანიკურშა“ და ვარდისფერი ფერია „პედიკურშა“.

სამივე პროცედურა ჰარმონიულ ტანდემში დასრულდა...
მართლები ყოფილან ... კმაყოფილებას ვერ ვმალავ .... ვგრძნობ როგორ გავსხივოსნდი :) 
გამოსვლისას გამომიწოდეს კიდევ ერთი კონვერტი, სადაც კიდევ ერთხელ მომილოცეს და დამპატიჟეს საკუთარ დაბადების დღეზე...
„გელოდებით ალუბალში 20:00 საათზე ! „

ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ არსებობთ! როგორ გამიმართლა, რომ გაგიცანით და მართლა რა ყოჩაღი ვარ ამდენი საუკეთესო, რომ მიგისტეპლერეთ.
ფიქრები არ მასვენებენ - რა საყვარლებია არიან..... ზუსტად იცოდნენ, მასაჟი ჩემი სისუსტეა..... რა სასიამოვნო გრძნობაა როცა ზრუნავენ, გივლიან ... რა მაგარია როცა შენზე ფიქრობენ და გეგმებს აწყობენ... რა ლამაზი დღეა..... რით დავიმსახურე? რა ნათელი მზეა ... როგორ გამოვხატო მადლოერება ? ბედნიერება ?

მიყვარს 20 დეკემბერი!  
მიყვარს ჩემი მეგობრები !
მიყვარს ფერადი დრეები !

მადლობა დაუვიწყარი წლებისთვის, დღეებისთვის, წუთებისთვის და წამებისთვის.
მადლობა ამდენი ემოციისთვის, სიკეთესთვის და სიყვარულისთვის.
მადლობა ამ ჯაჭვისთვის, რომელსაც წლიდან წლამდე ვაგრძელებთ.

ახლა კი მიფრთხილდით!!!!! 
სამაგიეროს გადახდაც ვიცი ! ;) 

<3








No comments:

Post a Comment