Thursday, March 1, 2012

შენ იცი რა სურს 30 წლის ქალს?

ჩვენ, ქალები მამაკაცებს ვთხოვთ მცირედი მაინც გაიგონ იმ საიდუმლოებიდან, რასაც ქალი ჰქვია, მაგრამ აღიარეთ, შეუძლებელია გაგება თუ ქალად არ გრძნობ თავს, ამიტომ მამაკაცი რომელიც „კაცობას“იკვეხნის ვერასდროს გაუგებს ქალს. უფრო მეტიც, არ მეგულება არცერთი ქალი დედამიწის ზურგზე, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა უნდა მას, რადგან ხშირად მიზანი, რომლისთვისაც მივიღწვით მთელი ჩვენი არსებით, ახდენის ჟამს უკვე მობეზრებულია, ან ვხვდებით, რომ ეს სულ არ იყო ჩვენი მთავარი სურვილი. ერთს აუცილებლად მოსდევს მეორე, მეორეს მესამე და ა.შ.  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაშველოა ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ გვინდა ყველაფერი, სწორედაც რომ ყველაფერი, თანაც ერთად. მაგრამ პირველ რიგში, გვინდა ჩავიხედოთ სარკეში და მეორე მხარეს Victoriassecret’s მორიგი ანგელოზი დავინახოთ, უფფ დამიჯერეთ რეალობა მწარეა, და სწორედ მაშინ შევამჩნევთ რომ სახეზე კიდევ ერთი ნაოჭი გაგვჩენია, ან საერთოდ მუწუკი ამოგვივიდა, რომელსაც ტონალური კრემიც კი ვერ ფარავს, მაგრამ თავს იქვე ვიმშვიდებთ „სარკე ჩვენ სულიერ სილამაზეს ვერ ასახავს!“ ამ დროს, კი მარცხენა მხარზე ჩამომჯდარი მაჯლაჯუნა გებუზღუნება „ჯანდაბამდის გზა ჰქონია სულიერს, როცა თავს 30 წლის დაღლილ ქალად გრძნობ და არა მშვენიერ, ლაღ ქალად, რომლისთვისაც სწორედ ახლა იწყება ცხოვრება!!!“ ურტყი კედელს ხელი რამდენიც გინდა, კარებად მაინც ვერ გადააქცევ! უხ ეს საძაგელი მაჯლაჯუნა, გიტარა დაუჭერია და სიმების მაგივრად ზედ ჩემი ნერვები გადაუჭიმია. მიდი, მიდი დაუკარი რა გენაღვლება, მე ვარ 30 წლის ქალი, რომელიც სარკის წინ დგას და ვერ გაურკვევია სინამდვილეში რა უნდა. ვერ ეღირსები ჩემ ტანჯვას პატარა მაწაკო მაჯლაჯუნა, მე დღეს შენ დაგეჯღანები და აი სარკეში ვეჯღანები საკუთარ თავს, იმედია არავინ დამინახავს. სხვათა შორის შველის, როცა ვბრაზობ ვეჯღანები სარკეს და ჩემდა საბედნიეროდ ან საუბედუროდ მეცინება. აი სიცილი კი სულ სხვა თემაა, ვგიჟდები იმ ასაკზე როცა სიცილს არ აკონტროლებ, იცინი ისეთ თემებზე და ისეთი ხმით, რომელიც 30 წლის ქალს არ შეეფერება. ხარ ლაღი და არ ფიქრობ იყო მონიკა ბელუჩი. თუ ფიქრობ? 15 წლის ასაკში მინდოდა ვყოფილიყავი 30 წლის ჩამოყალიბებული ლამაზი ქალი, და აი ახლა, როცა 30მა სანთელმა დააგვირგვინა ჩემი დაბადების დღის ტორტი, მთელი გულით მინდოდა 30 გამეყო 2ზე..... აჯობებს მათემატიკას შევეშვა, ჩინურს უფრო ადვილად ვისწავლი ალბათ. დრო არასდროს ჩერდება, არ გველოდება, მიქრის ჯიუტად, არ აინტერესებს შენ ფეხდაფეხ მიჰყვები მას  თუ არა, არ ადარდებს, წაბორძიკდები, წაიქცევი თუ ყურადღება გაგეფანტება მის მიმდევარს, მიდის მიფრინავს, თან რაც უფრო იზრდები, ის უმოწყალოდ უმატებს ტემპს. ჩვენ კი აქოშინებულებს, ქანცგამოცლილებს და ძალიან დაღლილებს, სხვა გზა არ გვრჩება, უნდა გავაგრძელოთ სირბილი. თუ გიფიქრიათ ოდესმე, ნეტავ სად გავრბივართ? სად მივყვებით? საბოლოოდ, კი ამ მარათონში გამარჯვებული მხოლოდ დრო რჩება.

ვუბრუნდები თემას „რა სურს 30 წლის ქალს?“
რა მსურს მე და ჩემ მეგობრებს? ნუთუ ჩვენი სურვილი მხოლოდ ზე-ქალმა იცის!!!! ნუთუ მხოლოდ მან იცის რა უნდა 30 წლის ქალს? ალბათ, ის ხომ განუმეორებელი, უბერებელი, უნიჭიერესი, არც მეტი, არც ნაკლები „ზე-ქალი“კოკო შანელია.  მთავარია გეცვას მოკლე შავი კაბა, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, გეჭიროს პატარა კოკეტური ჩანთა (რომელიც გატენილია უსარგებლო ნივთებით, მაგრამ რა იცი რაში დაგჭირდეს), გეკეთოს ჰაეროვანი შარფი, გესხას შანელის სუნამო და აუცილებლად გეკეთოს შავი სათვალე. დამეთანხმებით, ამ დროს აუცილებლად გრძნობ თავს №1-ად. შანელი გადასარევად ერკვევა, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია იმისთვის, რომ 30 წლის ქალმა თავი ქალად იგრძნოს? ამბობენ ნებისმიერ ასაკში, სწორედ ისე გამოიყურები, რასაც შენი განვლილი წლები იმსახურებენო. 20 წლამდე ერთი სული გვაქვს როდის გავიზრდებით, ხოლო 30ის ვნატრულობთ კლუბში შესვლის დროს ასაკი გვკითხონ. დიდხნიანი დიეტის მერე დავიკლებთ გარკვეულ წონას და ვხვდებით, რომ არც ეს არის საკმარისი, მოიხედები უკან და გეღიმება ისეთ დღეებზე, რომლებიც ცხოვრების აღსასრულად გეჩვენებოდა, გული გწყდება ჩადენილ და ჩაუდენელ შეცდომებზე. მოკლედ, ქალი რთული ცნებაა, არ ეცადოთ კაცებო მაინც ვერ გაუგებთ. აქ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: „ღმერთმა ამოაძრო კაცს ნეკნი, შექმნა მშვენიერი ქალი და უთხრა: სულს თვითონ ამოგაძრობსო.“ ეს სასაცილოა??? ქალი არასდროს ნატრულობს კაცის სულს, გულითაც კმაყოფილდება ;)
მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებთ, ჩვენი სურვილები არ მცირდება, პირიქით მატულობს და დროთაგანმავლობაში უფრო დამძიმებული ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში გაგიმართლა თუ გყოლია 1 ნამდვილი მეგობარი მაინც, თუ გყვარებია და ყვარებიხარ გონების დაბინდვამდე ვინმეს, თუ გქონდა წარმატებული კარიერა, თუ მოესწარი შვილიშვილებს და საბოლოოდ, თუ უმტკივნეულოდ დატოვე ეს სამყარო. ასეთებს ბევრს იცნობთ? ამისთვის ღირს საერთოდ სირბილი? ნუ დაფიქრდებით! ადვილი არავის უთქვამს იქნებაო, მაგრამ ამისთვის უდაოდ ღირს გარჯა. წარმოიდგინეთ, რაოდენ მდაბიო, უსუსური და მშიშარა იქნებოდა ადამიანი მეგობრობის, სიყვარულის და შანელის გარეშე:) სიყვარულში წარუმატებლობა, იმედგაცრუება, კიდევ ერთი ცხოვრებისეული გამოცდაა. ნუ დაიტანჯავთ თავს  იმაზე ფიქრით, თუ სად დაუშვით შეცდომა, ან სხვაგვარად რომ გეთქვათ სათქმელი იქნებ არ დასრულებულიყო ყველაფერი. შეეშვით ფიქრს ამგვარ სისულელეებზე, ქალი ვერასდროს ვერ გახდება მანქანა, რომელმაც წინასწარ უნდა გათვალოს ყველა ნაბიჯი. პრინციპში ისევე როგორც კაცი. ადამიანი ამოუცნობი მექანიზმია და მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით როგორ უნდა შევაკეთოთ დაზიანებული ნაწილები, რომელიც 20 წლის ასაკში მეგონა რომ გადასაგდები იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ახლაც მუშაობს, თან უკეთესად, უბრალოდ თავისით შეკეთდა. ამიტომ, სარკის წინ ყოველთვის, როცა  იმედი  გიცრუვდებათ ნუ მოიწყენთ და ნურასდროს იტყვით, რომხომ შეიძლებოდა უფრო მაღალი, ლამაზი, გამხდარი ან მწვანე თვალება ვყოფილიყავი.“  შეეშვი საკუთარი თავის კრიტიკას, გაეპრანჭე სარკეს და გახსოვდეს, რომ ხარ ქალი და არა მარტო მდედრი!

1 comment: