Tuesday, February 14, 2012

Happy Valentines Day !!!

14 თებერვალი ცნობილია, როგორც „ვალენტინობის“ ანუ სიყვარულის აღსანიშნავ დღედ. მართალია, არც ქრისტიანული და არც კათოლიკური ეკლესია არ აღიარებს ამ დღეს, მაგრამ მე მაინც მინდა მოგიყვეთ ლეგენდა, თუ ვინ იყო ვალენტინი და რატომ დაწესდა ყოველი წლის 14 თებერვალი სიყვარულის დღედ.

წმინდა ვალენტინი მოღვაწეობდა რომში მე-3 საუკუნეში, კლაუდიუსის მეფობის დროს. მეფე ხალხს არ უყვარდა, რადგან მას სურდა ჰყოლოდა ძალიან დიდი ჯარი და მამაკაცებს აიძულებდა დაეტოვებინათ თავიანთი ოჯახები, მეუღლეები, შვილები და წასულიყვნენ საომრად. საბოლოოდ, ქორწინებაც კი აკრძალა, რაშიც ახალგაზრდები  სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. მღვდელი ვალენტინი თვლიდა, რომ ეს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო, რაც კი მეფეს ოდესმე მიუღია და ჩუმად მაინც განაგრძობდა მისი საყვარელი რიტუალის ჩატარებას. იგი კვლავ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს და არაფრად აგდებდა მეფის ბრძანებას. თვლიდა, რომ მისი მთავარი მისია ამ ქვეყნად მოსვლისა, სწორედ სიყვარულის ზეიმი იყო. ვალენტინის საქმიანობა მთელ ქალაქს მოედო. ჩუმად მიდიოდნენ ახალგაზრდები და დალოცვას სთხოვდნენ მას, მაგრამ ამბავი (სამშობლოს ღალატის ტოლფასის)  მეფის მსახურებამდეც მივიდა, რის შედეგადაც ვალენტინი დაიჭირეს, ციხეში გამოამწყვდიეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აჯანყებულმა ახალგაზრდებმა ციხის კარიბჭესთან თავი მოიყარეს.  პატარა ფურცელზე დაწერილ წერილებს და ყვავილებს ისროდნენ ვალენტინის ფანჯარაში. ერთხმად გაიძახოდნენ, რომ სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებდა. 
ერთერთი აჯანყებულთაგანი, კი ციხის უფროსის ქალიშვილი, რომელიც უგონოდ იყო შეყვარებული ერთ სამხედროზე, მამას მუხლებში ჩაუვარდა და ვალენტინის ციხიდან დახსნას ევედრებოდა. მამამ, დართო ნება ქალიშვილს დროდადრო მღვდელი მოენახულებინა, მაგრამ მისი სასჯელის შემსუბუქება შეუძლებელი იყო. ახალგაზრდა გოგონა საათობით ეჯდა მღვდელს და ესაუბრებოდა სიყვარულზე. თითქოს დარჩენილ წუთებს უმსუბუქებდა და ვალენტინიც აიმედებდა მას, რომ სიყვარული ჯადოსნური გრძნობაა, ღვთისგან ბოძებული და ვერავინ მოახერხებდა დედამიწაზე მის აღმოფხვრას. 
დადგა 269 წლის 14 თებერვალი და სიკვდილით დასჯის დღეც მოვიდა. ვალეტინმა გადაწყვიტა გოგონასთვის პატარა წერილი დაეტოვებინა, სადაც მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. წერილის ბოლოს კი მიაწერა „ სიყვარულით, შენი ვალენტინისგან“. 
ამ წერილმა ძალიან ბევრი ადამიანის ხელში გაიარა და სწორედ ამ ამბის შემდეგ იქცა ტრადიციად, ყოველ 14 თებერვალს სასიყვარულო წერილების გაგზავნა, რომელსაც  ბოლო ფრაზა ყველას ერთნაირი აქვს: 

                      „სიყვარულით, შენი ვალენტინისგან“. 




No comments:

Post a Comment