Monday, September 17, 2012

ლანჩხუთური ვოიაჟი



ვინც არ ყოფილა სოფელში, ვისაც არ გაუტარებია იქ სკოლის სამ თვიანი არდადაგები, არ ურბენია ფეხშველს გადაბიბინებულ ბალახზე, არ დასდევდა ვარიებს დასაჭერად და არ ელოდებოდა გულმოდგინედ ახლად დადებულ ცხელ კვერცხს გოგლი-მოგლი რომ დაეგემოვნებინა, ვერასდროს მიხვდება, თუ  რა გრძნობა დამეუფლა, როცა 15 წლის შემდეგ ნათესაური სვლა მოვაწყეთ გურიისკენ. ყველაფერი ახლებურად განვიცადე, ვიგრძენი რამხელა სიხარული, სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს შენს მიწა-წყალთან დაახლოებას.
წლების შემდეგ ლილიკოს (ჩემი ბებო) სურვილი ახდა და იმნაძეების სანათესაო კვლავ ერთად შეიკრიბა ლანჩხუთში. ბიჭიკო ბაბუას (ბაბუაჩემის ძმა) 90 წელი შეუსრულდა და ჩვენც ნაირ-ნაირი მანქანებით გზას გაუდექით მისალოცად. ეს სასიამოვნო თავშეყრის მიზეზი სულ 2 დღე გაგრძელდა, რაც ალბათ მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. ისევ იმ ლამაზი კუთხის, ბუნების წიაღში აღმოვჩნდით და თვალწინ მთელი ბავშობა გადამეშალა. მოგონებები ერთბაშად ამოტივტივდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ და საოცარი, ნოსტალგიური განწყობა დაგვეუფლა ყველას. საღამოს სახლის ეზოში ვისხედით და ვიხსენებდით უამრავ სასაცილო მომენტებს, ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში იმის იმედით, რომ ისტორიები კიდევ და კიდევ გაგრძელდებოდა. რომ იცოდეთ, რამდენი ამბის გახსენება შემეძლო, რამდენი სითბო და სიყვარული მახსოვს სოფლის მაცხოვრებლებისგან. მახსოვს, როგორ ჩაგვყრიდა ბაბუა „ვოლგაში“ 10 კაცს და დაადგებოდა ლანჩხუთის დაუსრულებელ გზას. იქ რამხელა სიხარულით გვხვდებოდნენ, როგორ დავდიოდით მეზობლიდან მეზობლის სახლში და თავს ვიწონებდით წინა წლის შემდეგ ცოტათი წამოზრდილები. როგორ ივსებოდა ჩვენი ხის საყვარელი სახლი ბავშვების ჟრიამულით, მიძინებული ბუნება თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდებოდა მიწაზე ამდენი ბავშვის ტყაპა-ტყუპით. დილა თენდებოდა მამლის ყივილთან ერთად და იწყებოდა საუზმე ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით, თბილი რძით ან კაკაოთი.  მერე უგზო-უკვლოდ ვიკარგებოდით შუადღემდე, ყველა ასაკის ბავშვები ერთმანეთში ვირეოდით, ზოგი ცხოველებს დასდევდა, ზოგი სამაგიდო ჩოგბურთს თამაშობდა, ზოგი წრეში ბურთს, ზოგიც ძროხის მოწველის რიგში იდგა. შუადღე ისე დგებოდა ვერ ვგრძნობდით სანამ მუცელი არ აგვიწრიალდებოდა და ამდენი დამშეული ბავშვი ერთბაშად არ შევცვივდებოდით სამზარეულოში „მშია-მშია“ს ძახილით. იქ უკვე დაკლული წიწილა, ახლად ამოყვანილი სულგუნი, ჯერ რძე რომ გასდიოდა ისევ და კეცზე დაცხობილი მჭადები გველოდა. იმ სადილის გემო დღესაც მახსოვს, როგორ ვილუკმებიდით და ერთმანეთს ქათმის ძვლების დამტვრევით „აიდოსტს“ ვეთამაშებოდით. შუადღეს დაქანცული მშობლები მკვდარ საათს გვიცხადებდნენ. პატარაობაში გვაძინებდნენ და ცოტა მოზრდილებს კითხვას გვაიძულებდნენ. მწარედ მახსოვს, დედაჩემმა ერთ ზაფხულს მთელი „ვეფხისტყაოსანი“ დამაზეპირებინა, სანამ თვითონ ინგლისურ ანბანს ქარგავდა დიდ ტილოზე. მკვდარი საათი მალევე სრულდებოდა და ჩვენ კვლავ უგზო-უკვლოდ ვიკარგებოდით ტყე-ღრეში. ვაწყობდით კონცერტებს, ვდგავდით სპექტაკლებს, დავეწყობოდით სიმაღლის მიხედვით და მივდიოდით მდინარეზე, გაყინულ წყალში საბანაოდ. უკან სრულიად ლურჯები და დამშეულები ვბრუნდებოდით. უზარმაზარი სუფრა ისევ ჩქარ-ჩქარა იშლებოდა ნაირ-ნაირი გემრიელობებით და ზუსტად 5 წუთში სამზარეულო თავდაყირა დგებოდა. დავძვრებოდით მეზობლის ყანებში, ვიპარავდით სიმინდებს, ვთამაშობდით თივაში და ვუსმენდით ბებიების და ბაბუების მოძველებულ ისტორიებს. სოფელში ჩასვლიდან 1 კვირის თავზე ყველას კუთხური კილო გვქონდა აკიდებული და იყო სასაცილო სიტყვების ორომტრიალი, „აბდალია აი ბაღანა, რა შობა რო ვერ გეიგებ, მეიცა ცა  ... „ და ასე შემდეგ, მაგრამ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ სოფლისკენ გული არავის მიუწევდა, ყველას უჭირდა საყვარელ ხის სახლში დარჩენა, იქ ხომ ბაბუს გარეშე წარმოუდგენელი იყო დიდი ხნით გაჩერება. სწორედ ასე დამთავრდა ჩვენ ცხოვრებაში სოფლის სეზონი და ყველამ აგარაკები შეიძინეს თბილისთან ახლოს. წელს კი ბიძებმა და დეიდებმა გაუწიეს ორგანიზება ლანჩხუთურ ვოიაჟს და მთელი ნათასავები, რძლებით და სიძეებით შევესიეთ დასავლეთს. ისევ იგივე საყვარელი ხის სახლი, იგივე მწვანე გადაბიბინებული ბალახი, ბავშვების ჟრიამული და თეფშების ჭახა-ჭუხი.  



თითქოს არაფერი შეცვლილაო, უბრალოდ დროს ჩასძინებია და მამლის ყივილზე სასწრაფოდ გამოფხიზლებულაო.  

No comments:

Post a Comment