Monday, October 8, 2012

მზიდან მთვარემდე და უკან!


როცა მზე მიიმალამება, ზღვას საბნად გადაიფარავს და მთვარეს დაუთმობს ცას სადარაჯოდ, მაშინ იწყება ჩემი, შენი, ჩვენი ფიქრბით ჭადრაკის თამაში. ვიწყებთ წარსულის ქექვას, აწმყოს გააზრებას და მომავალ წარმატებაზე ოცნებას. როცა სიჩუმე იპყრობს ბნელ ოთახს, გონება ორმაგად ხმაურიანი ბგერებით ივსება. ვიწყებთ ჩადენილი და ჩაუდენელი საქმეების განხილვას, გვწყდება გული და გვიხარია ჩვენი  უმოქმედობა ან მოქმედება, ვდარდობთ წინასწარ იმაზე რაც არ მომხდარა და არავის გვასვენებს ერთი კითხვა „ხომ შეიძლებოდა რომ..“
ამას წინათ მოძღვარმა მითხრა „ძილის წინ ლოცვებს კი ნუ კითხულობ, არამედ ილოცეო!“ გასაკვირია არა? ამ პატარა წინანადებაში რამხელა აზრი დევს.  ხოდა მეც ვცდილობ ვილოცო ჩემი, შენი, ჩვენი გულისთვის. ვცდილობ დავიჯერო და დაგაჯეროთ, რომ დასმული კითხვა „ხომ შეიძლება რომ... „ აუცილებლად შეიძლება და ასეც იქნება, თუ სწორი მიმართულებით ვიფიქრებთ ყველაფერი ახდება, თუ დროულად ვითხოვთ დახმარებას ყველა გვერდში დაგვიდგება, თუ ზუსტად ვიცით რა გვინდა, სამყარო იზრუნებს იმაზე რომ ის აუცილებლად მივიღოთ. მთვარე კი რაც უფრო დიდია მით უფრო ვიკარგებით სივრცეში, რომ არ ანათებდეს ალბათ ვერც მივაგნებდით ძილის გასაღებს. ძილი კი სულ სხვა თემაა, ძილს სიზმარი მოსდევს, სიზმარს დილა, დილას განწყობა, განწყობას იმედი, იმედს კი გაფრთხილება სჭირდება. არავის მისცეთ უფლება იმედის დაკარგვის და თქვენც არ დანებდეთ არასდროს, რაც არ უნდა დაგღალოთ ლოდინმა. ამბობენ ადამიანი მაგნიტია და თვითონ იზიდავს ყველაფერს რაც მის გარშემო ხდებაო. საკუთარ თავზე გამომიცდია, დილით თუ ვდგები უხასიათოდ, მთელი დღე ცუდად გრძელდება. ამიტომ დილიდან ვეცადოთ გავიღიმოთ და მარტო კარგზე  ვიფიქროთ. მე თუ მაგნიტი ვარ და ჩემ ცხოვრებას ვიზიდავ, შევეცდები მეტი ფერები, სიხარული და სიყვარული მოვიზიდო. მე გიზიდავ შენც ჩემო საყვარელო მეგობარო, შენ ჩემი ქოლგა ხარ წვიმიან ამიდში. მე მინდა მქონდეს იმის ძალა, რომ განუგეშო ყოველთვის, მაშინაც როცა არაფერს ამბობ, მინდა გაგახარო პატარა სიხარულებით და შენს დაღლილ თვალებში ფეიერვერკების კოცონი გავაჩაღო. მოჭედილ ცაზე კიდევ ბევრი ვარსკვლავი დავამატო, რომ იმატოს ხვალინდელი დღის იმედმა. შენ იცოდი რომ ვარსკვლავებს 
                                        მარადიული ცხოვრების ჭუჭრუტანებს
ეძახიან? აბა წარმოიდგინე შავი ცის მაგივრად დიდი შავი ფარდაა ჩამოფარებული, რომელის უკანაც მარადიული ცხოვრება სუფევს. ამ ფარდას კი სიძველისგან ნახვრეტები გასჩენია და იქიდან სწორედ ამ მარადიული სიცოცხლის ნათება მოჩანს, რასაც ჩვენ ვარსკვლავებს ვეძახით. საოცარია არა? ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ გააჩნია, ხოდა ვიოცნებოთ ჰორიზონტს იქით, მზიდან მთვარემდე, მიწიდან ცამდე. ღამე დავხუჭავ თვალებს და სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდები, მოვინახულებ მსოფლიოს შვიდივე საოცრებას და იქნებ იქ შემთხვევით შენც გნახო ფიქრებში დაკარგული, არ შეგაწუხებ, უბრალოდ ჩაგიკრავ თვალს და მოგზაურობას გავაგრძელებ. უფფ რამდენს ვიბოდიალებ, სად არ წავალ, რას არ ვნახავ. კამკამა წყალში ჩაძირულ გემებს დავათვალიერებ.  საჰაერო ბურთიდან ქვეყანას დავანაგვიანებ, თავზე დაგაყრით  პატარა ფურცლებს და ზედ დავაწერ ყველა ენაზე „ეს მე ვარ და მე შენ მიყვარხარ!!!“




მმმმმმ მგონი ჯობია ეს ყველაფერი ჩემს ბალიშს მოვუყვე და თქვენც მოგცეთ საშუალება საკუთარი მწვერვალები დაიპყროთ. 

No comments:

Post a Comment