Thursday, January 17, 2013

ქიმიის ბრალია

O2

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და საით აპირებ წასვლას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რასის წარმომადგენელი ხარ, თეთრკანიანი თუ შავკანიანი, შოკოლადით გაჯერებული ნამცხვარი გირჩევნია, თუ ვაშლის ტარტს ანიჭებ უპირატესობას, გიყვარს ზღვა თუ მთა, ცეკვავ ხანდახან სიბნელეში როცა არავინ გიყურებს, თუ საერთოდ არ გიყვარს ცეკვა. არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე საუბრობ, სარკეში ხშირად ტკბები საკუთარი სილამაზით თუ საყვარელი ადამიანის ყურება გირჩევნია, ხარ თუ არა შეყვარებული, ხარ თუ არა ეჭვიანი, გყავს თუ არა ბევრი მეგობრები, არც მათ აზრს აქვს მნიშვნელობა საერთოდ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი სიკეთე ან სიბოროტე გაქვს ჩადენილი, ამბობ თუ არა აღსარებას, ჭორაობ თუ არა სხვებზე და არანაირი მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გიღალატეს ან უღალატე, იცი თუ არა ლექსების წერა, როიალზე ან გიტარაზე დაკვრა, სად რა ისწავლე და მითუმეტეს, ძილის წინ ვიზე ან რაზე ფიქრობ, რა მოხდა წარსულში და რა მოხდება  მომავალში, ვიზე დარდობ, რა გახარებს, რა გაწუხებს, რაზე ოცნებობ როცა ვარსკვლავი ვარდება ციდან, რაზე ფიქრობ, როცა ლურჯ ზღვაში ცურავ, გეშინია თუ არა ჭექა-ქუხილის, იცი თუ არა კერძების მომზადება, ტირი თუ არა რომანტიულ ფილმებზე, გიყვარს თუ არა მუსიკა, მოგზაურობა, გართობა, წიგნების კითხვა და გარუჯვა. გაზაფხულზე რა ფერი ხდება შენთვის ცხოვრება; ზამთარში რას გრძნობ როცა პირველი ფანტელი სახეზე გეხება; რა ნმიშვნელობა აქვს რა ემოცია გიპყრობს, როცა პირველად დგები თხილამურზე და ეშვები მაღალი მთიდან.

არანაირი !

სანამ არ მოგიჭერს გული, სანამ არ დაგავიწყდება დედამიწის ზურგზე ყველა და ყველაფერი, სანამ არ ინატრებ ისევ 17 წლის ასაკში დაბრუნებას, სანამ არ გაჩერდება საათი და არ მოგინდება მისთვის წლების, თვეების, დღეების და დაუვიწყარი წუთების ჩუქება. სანამ არ დაინახავ იმ ერთადერთს, შენთვის აქამდე უცნობ ადამიანს, რომელიც აგიფორიაქებს გულს, სულს და გაგახსენდება, რომ ცხორება ძალიან ლამაზია. ხომ შეიძლება ადრეც ჩაგევლო მისთვის გვერდზე და ვერ შეგემჩნია, ვერ გეგრძნო დაუოკებელი სურვილი, რომ ის შენი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. როცა მის გვერდით ყოფნა №1 საფიქრალი ხდება შენთვის და არცერთი წამის დაკარგვა არ გინდა მის გარეშე. გეღიმება მაშინ, როცა მარტო ხარ და ფიქრებში პოულობ თავისუფლებას, როცა ვერ ხვდები რა გემართება მის დანახვაზე და თავს იმშვიდებ „ალბათ, მიყვარდა წინა ცხოვრებაში“. როცა  ენდობი და ისიც გენდობა უსიტყვოდ. როცა არ ფიქრობ დღეს რა იქნება და არც თავს იტვირთავ ხვალინდელ დღეზე ფიქრით, მომავალს ანდობ შენს ბედს, თუმცა ეპილოგი ძალიან გაინტერესებს და ხშირად მოვლენებს უსწრებ ფიქრებში. ყველაფერს ეძლევა აზრი და ხარ ბევრად ლამაზი. ეს ისტორია შენი გადასაწყვეტია რა ჟანრის იქნება, თუმცა ქალი ბუნებით დრამატურგია, ფიქრობს კარგზე, მაგრამ უცრემლოდ ხომ არცერთი სასიყვარულო რომანი არ დაწერილა, არც მხატვრული ფილმი გადაღებულა სიყვარულზე რიგიანად რომ არ გვეტირა? როცა უყურებ ამ უცნობ ადამიანს,  ხვდები რომ წამში დაიწერა შენი რომანი და თავს ატრიალებ სხვა მიმართულებით, არ გინდა დაინახოს როგორ შეერია ალისფერი შენს ლოყებს და სწრაფი ტემპით ფიქრები გადაგაქვს სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. თუმცა, ის, როგორც ყველა კაცი ბუნებით მონადირეა და ძალიან კარგად ესმის დამფრთხალი, უსუსური არსების გულის ცემა. ცოტა ირონიული, მაგრამ კმაყოფილი სახით უსიტყვოდ გიბიძგებს მძაფრსიუჟეტიანი სცენარის დადგმისკენ... და აი ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვწერე და რაც არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს სხვა მომხიბვლელი სქესის წარმომადგენელის დანახვისას, უცებ ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. ყველაფერი გინდა გაიგო მისი წარსულის და აწმყოს შესახებ. გინდა რომ სწორედ ის აღმოჩნდეს შენი ბავშვობის ოცნების გმირი, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, რომელიც გველეშაპს შეებრძოლება და შენს სიყვარულს მოიპოვებს. ქალი ყოველთვის ფრთხილობს ურთიერთობის დასაწყისში შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ წარმოუდგენელია ამის გარეშე. შეცდომა ნებისმიერი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს სიბრაზე, სინანული და ბევრი ცრემლი, იმდენად ტკბილია შემორიგების პროცესი. როცა ბრძოლისგან დაღლილი ყრი ფარ-ხმალს და ყველაფერს მისი ჩახუტება და კოცნა გიქარწყლებს, გავიწყდება თუკი ოდესმე რამე გწყენია და ბედნიერი ხარ, რადგან გვერდში გყავს ადამიანი, რომელსაც ენდობი, გენდობა და გაძლევს ოცნების საშუალებას, იმოგზაუროთ ხელჩაკიდებულებმა მსოფლიოს გარშემო, ისევ იჩხუბოთ სისულელეებზე, მონატრებული შერიგების გამო... და ა.შ.

დაარღვიეთ წესები, იყავით ეგოისტები, ერთად იცინეთ, იჩხუბეთ, იტირეთ, შერიგდით და ბოლოს იყავით ბედნიერები, სანამ ცხოვრება გაძლევთ ამის საშუალებას.







პატივისცემით,
DG 

1 comment:

  1. მომინდა უცებ ისე ვიყო, როგორც შენ გიწერია გვანც!

    ReplyDelete