Tuesday, February 14, 2012

Happy Valentines Day !!!

14 თებერვალი ცნობილია, როგორც „ვალენტინობის“ ანუ სიყვარულის აღსანიშნავ დღედ. მართალია, არც ქრისტიანული და არც კათოლიკური ეკლესია არ აღიარებს ამ დღეს, მაგრამ მე მაინც მინდა მოგიყვეთ ლეგენდა, თუ ვინ იყო ვალენტინი და რატომ დაწესდა ყოველი წლის 14 თებერვალი სიყვარულის დღედ.

წმინდა ვალენტინი მოღვაწეობდა რომში მე-3 საუკუნეში, კლაუდიუსის მეფობის დროს. მეფე ხალხს არ უყვარდა, რადგან მას სურდა ჰყოლოდა ძალიან დიდი ჯარი და მამაკაცებს აიძულებდა დაეტოვებინათ თავიანთი ოჯახები, მეუღლეები, შვილები და წასულიყვნენ საომრად. საბოლოოდ, ქორწინებაც კი აკრძალა, რაშიც ახალგაზრდები  სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. მღვდელი ვალენტინი თვლიდა, რომ ეს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო, რაც კი მეფეს ოდესმე მიუღია და ჩუმად მაინც განაგრძობდა მისი საყვარელი რიტუალის ჩატარებას. იგი კვლავ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს და არაფრად აგდებდა მეფის ბრძანებას. თვლიდა, რომ მისი მთავარი მისია ამ ქვეყნად მოსვლისა, სწორედ სიყვარულის ზეიმი იყო. ვალენტინის საქმიანობა მთელ ქალაქს მოედო. ჩუმად მიდიოდნენ ახალგაზრდები და დალოცვას სთხოვდნენ მას, მაგრამ ამბავი (სამშობლოს ღალატის ტოლფასის)  მეფის მსახურებამდეც მივიდა, რის შედეგადაც ვალენტინი დაიჭირეს, ციხეში გამოამწყვდიეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აჯანყებულმა ახალგაზრდებმა ციხის კარიბჭესთან თავი მოიყარეს.  პატარა ფურცელზე დაწერილ წერილებს და ყვავილებს ისროდნენ ვალენტინის ფანჯარაში. ერთხმად გაიძახოდნენ, რომ სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებდა. 
ერთერთი აჯანყებულთაგანი, კი ციხის უფროსის ქალიშვილი, რომელიც უგონოდ იყო შეყვარებული ერთ სამხედროზე, მამას მუხლებში ჩაუვარდა და ვალენტინის ციხიდან დახსნას ევედრებოდა. მამამ, დართო ნება ქალიშვილს დროდადრო მღვდელი მოენახულებინა, მაგრამ მისი სასჯელის შემსუბუქება შეუძლებელი იყო. ახალგაზრდა გოგონა საათობით ეჯდა მღვდელს და ესაუბრებოდა სიყვარულზე. თითქოს დარჩენილ წუთებს უმსუბუქებდა და ვალენტინიც აიმედებდა მას, რომ სიყვარული ჯადოსნური გრძნობაა, ღვთისგან ბოძებული და ვერავინ მოახერხებდა დედამიწაზე მის აღმოფხვრას. 
დადგა 269 წლის 14 თებერვალი და სიკვდილით დასჯის დღეც მოვიდა. ვალეტინმა გადაწყვიტა გოგონასთვის პატარა წერილი დაეტოვებინა, სადაც მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. წერილის ბოლოს კი მიაწერა „ სიყვარულით, შენი ვალენტინისგან“. 
ამ წერილმა ძალიან ბევრი ადამიანის ხელში გაიარა და სწორედ ამ ამბის შემდეგ იქცა ტრადიციად, ყოველ 14 თებერვალს სასიყვარულო წერილების გაგზავნა, რომელსაც  ბოლო ფრაზა ყველას ერთნაირი აქვს: 

                      „სიყვარულით, შენი ვალენტინისგან“. 




Wednesday, February 8, 2012

„მეგობრობის დღიური“


თუ სწორად მახსოვს, მე-4 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ახალი თემა აგორდა „მეგობრობის დღიური“. იმედია, გახსოვთ ლამაზ ბლოკნოტებში, სხვადასხვა ფერის დასაკრავი იარლიყებით გაფორმებული და უამრავი წარწერებით აჭრელებული დღიურები, სადაც იმ დროისთვის ძალზედ საიდუმლო მასალები შეგეძლოთ ჩაგეწერათ, რადგან დღიურის მფლობელი წინასწარ დებდა ფიცს, რომ არავის წააკითხებდა შევსებულ გვერდებს და მას ყოველთვის საიდუმლოდ შეინახავდა.

მოკლედ, არც მე ჩამოვრჩი რითმს და კითხვარი საგულდაგულოდ შევადგინე:

1. სახელი, გვარი, ასაკი.
2. მისამართი, ტლეფონის ნომერი.
3. საყვარელი მუსიკა, კინო, მწერალი, მსახიობი, მომღერალი  
4. დაწერე 1 სასცილო ამბავი, შენს შესახებ.
5. გყავს თუ არა შეყვარებული?
6. თუ წინა კითხვის პასუხია „კი“ მაშინ დაწერე ვინ !!!  თუ              
    არა და გამოტოვე.
7. რას ფიქრობ ჩემზე?
8. რას მისურვებ ცხოვრებაში? 
9. დამიხატე რამე სამახსოვროდ.
10. დამემშვიდობე.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვარდებოდნენ, როცა კითხვარის მე-5 და  მე-6 პუნქტს კითხულობდნენ. ზოგი პირდაპირ წერდა სახელს და გვარს, ზოგი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ღირდა თუ არა დაწერა, ზოგიც თავს იკავებდა და უპასუხოდ ტოვებდა.
მართალია, „მეგობრობის დღიური“-ს ერამ დიდი ხნის წინ ჩაიარა, მაგრამ დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ, როცა ძველ ნივთებს ვათვალიერებ.
იმ დროს ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეგვენახა, რადგან არავის უნდოდა მის "პირადულში" ვინმე ზედმეტად ჩახედული ყოფილიყო. დღეს კი, როცა ელექტრონულმა სამყარომ და სოციალურმა ქსელებმა დედამიწა დაიპყრო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, არავინ დებს ფიცს, რომ რამე საიდულმოდ შეინახება. პირიქით გაჩნდა ლოზუნგი „დაე იცოდეს ყველამ!“. განახლებულ „მეგობრობის დღიურში“, ეგრედ წოდებულ  თანამედროვე FaceBook-ში ყველას დეტალურად აქვს აღწერილი ყოველდღიურად, გათენებიდან-დაღამებამდე, სად წავიდა, ვინ მოინახულა, რაზე ისაუბრეს, რამ გააბრაზა, რამ გაახარა, ვინ როგორ ხასიათზეა,  ვის ვინ უყვარს, ვინ სძულს, სად ისვენებს, როდის ჭამს  და ... ა.შ. აღარ გავაგრძელებ. არ გეგონოთ ვინმეს ვაკრიტიკებდე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი რომ მხვდება ქუჩაში, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს გუშინ ვნახე და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე (ის ხომ ჩემი FB მეგობარია). დამეთანხმებით, რომ ზოგადად მცნება „საიდუმლო“ ძალიან მალე დაკარგავს  აზრს და ყველას ეცოდინება ყველაფერი, ყველას შესახებ (ბევრი „ყველა“ გამომივიდა, მაგრამ სხვანაიად ვერ გადმოგცემთ ჩემს შეშფოთებას, თუ გაკვირვებას ვერც მე გავიგე). ისევ ვიმეორებ, ეს ალბათ კარგია, მაგრამ დროთაგანმავლობაში მეშინია “მეგობრობა” ელექტრონულმა FB-მეგობრობამ (ან კიდევა რაიმე ახალმა Miminobook-მეგობრობამ არ შეცვალოს.) სადაც ინფორმაცია ახლდება წამში ერთხელ, ყველა უსმენს ერთიდაიგივე სიმღერას, ათვალიერებს თავისი ბიძაშვილის დაქალის ქმრის საყვარლის სურათებს და  ა.შ. რა ვქნა, მაგრამ უკვე ძალიან სასაცილოდ მესახება ჩვენი თანამედროვე მეგობრობა.

დღეს კი ჩემს კახელ მეგობარს ვეჭორავებოდი Skype-ში როცა აღიარა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ბლოგი და სიამოვნებით კითხულობს ახლად შემდგარი მწერლის (ანუ ჩემ) ჩანაწერებს : ) კახელები მეტად პირდაპირები არიანო ამბობენ და მეც პირდაპირ მივიღე შექება.  მთხოვა კიდევ დამეწერა რამე და მეც მეგობრობაზე შევჩერდი. თემა, რომელიც ამოუწურავი და ყველასთვის საყვარელია. მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, თქვენით ვსულდგმულობ, უთქვენოდ არარაობა ვიქნები მეც და მთელი ჩემი ცხოვრებაც. მინდა ყოველთვის ასე ვამაყობდე თქვენით, როგორც ახლა. ჩემი ყველა მეგობარი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული და წარმატებულია და მე საკუთარი თავითაც ვამაყობ ამდენი კარგი ადამიანი რომ შევკრიბე ჩემს გარშემო.  
ВСЁ!  მორჩა!  პროტესტს ვაცხადებ!!! ხვალიდან 5 დღე აღარ შემოვალ facebook-ში !!! დამირეკეთ, მესტუმრეთ და ისე გაიგეთ ჩემი ამბები!!! (კიდევ ერთ ელექტრონული საიდუმლოს გაგიმხელთ, ეს სინამდვილეში პროტესტი არ არის, ინტერნეტს მითიშავენ : )))))))) ვიხუმრე!

ამით ვამთავრებ დღევანდელ ჩემ გამოსვლას. 
გაუფრთხილდით მეგობრებს, გიყვარდეთ და დაეხმარეთ მაშინაც, როცა ყველაზე დიდ შეცდომებს უშვებენ ცხოვრებაში.  მე თქვენ მიყვარხართ!




Wednesday, February 1, 2012

სენტიმენტალური კრეტინიზმი

უკვე სამი დღეა უმოწყალოდ თოვს. ცივა და სამწუხაროდ ხედი ჩემი სამსახურის ფანჯრიდან უახლოეს მომავალში მზეს არ იუწყება. დილა თენდება რუხი ფერებით, მგონია გადავწევ ფარდას და სინათლე იმწამსვე გამომაფხიზლებს, ჩავრთავ ტელევიზორს და გასართობ პროგრამას ვიპოვნი, მაგრამ შეღავათი არანაირი. ჯერ ხომ ძალიან ადრეა და თან ძალიან ცივა. არ მიყვარს აჭყაპებული თბილისი, დეპრესიული და გამოუძინებელი მძღოლები, ყველა მოღუშული და გაბრაზებული სახით რომ დადის ქუჩაში. ზოგიერთს შუბლზე იმდენი ნაოჭი გასჩენია მუდმივი უხასიათობისგან, რომ ბაკურიანის კოპიან კოხტა კუდებს მოგაგონებთ.

დილით სამსახურში მოვდიოდი და ერთი სული მქონდა თავი დამეღწია ყინვისთვის. ხელები ისე გამეთოშა, რომ ვფიქრობდი სისხლიც გამეყინება მალე და მოვკვდებითქო, მაგრამ სწორედ ამ დროს, მე, ყინვისგან მომაკვდავს  უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაზაფხული მეწვია. დათბა, განათდა და სახეც სიამოვნებისგან გამილღვა. თვალი გავაყოლე უცნობ, პატარა გოგოს, რომელიც მთელი სისწრაფით ჭიშკრისკენ გარბოდა, სადაც დათოვლილი დიდი ხეების ქვეშ მობუზული ბიჭი იდგა. ისიც, ალბათ მას ელოდებოდა და ძალიან სციოდა, რადგან ადგილს ვერ პოულობდა. ხან ერთ ფეხს ეყრდნობოდა, ხან მეორეს და აი დაინახა თუ არა, სახე გაუნათდა, ხელები ფართოდ გაშალა და გულში ჩაიკრა აქოშინებული პატარა გოგო. სავარაუდოდ ვერ გადმოგცემთ გრძნობას, რაც განვიცადე იმ წამს, მაგრამ გაზაფხული ნამდვილად დადგა. ვიგრძენი, როგორ გავთბი და როგორ შეერია რუხ ფერს ფერადი საღებავები. 1 წამი საკმარისი იყო, რომ ყინვა დამევიწყებინა და მთელი გზა გაღიმებულს მევლო. მერე, დიდხანს ვფიქრობდი, რა ძალა აქვს ადამიანის გონებას. როგორ შეუძლია, ყინვა აქციოს სითბოდ, მუქი ფერები გაანათოს და ა. შ.

მოკლედ, მოვედი სამსახურში, მივუჯექი ჩემს მაგიდას  და ამ დროს თანამშრომლის ხმა მომესმა, როგორ აშაყირებდა ერთი მეორეს „რა სიყვარული მოგინდა ამ ზამთარშიო?“, გამახსენდა შეყვარებული პატარა წყვილი, რომლისთვისაც მართლა სულ ერთი იყო გარეთ თოვდა, წვიმდა, ქარი ქროდა, თუ მზე აცხუნებდა.. გამეღიმა და მივხვდი, რომ აქ გონება არაფერ შუაში იყო.
სიყვარული გულის ერთგვარი სნეულებაა, რომელიც ღრმად აღწევს ჩვენში და სხეულის ყველა ნაწილს ედება. მათშორის გონებასაც აქვეითებს და სისულელის ჩადენისკენ უბიძგებს. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ გრძნობ ზამთარში სითბოს, ქარში პოულობ თავშესაფარს, წვიმაში შენთვის იშლება ყველა ქოლგა, ზაფხულში კი უზომოდ ჰაეროვანი ხდები. ზოგი ამას "სენტიმენტალურ კრეტინიზმად" აღიქვამს და  სავარაუდოდ ეს ასეც არის, თუ არასდროს გყვარებია. არც ის დაიჯეროთ, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ გვეწვევა ცხოვრებაში. შენ მთავარია მოუშვა და ის აღარასდროს წავა. სიყვარული, ალბათ ერთგვარი ნარკოტიკია. არცერთ მეცნიერს, არცერთ ექიმს არ გამოუგონია წამალი, რომელიც მოგარჩენთ ამ დაავადებისგან.
ჰოდა ჩემი სურვილი იქნება:
  1. მიეცი თავს უფლება ჩაიდინო სისულელე და არასდროს ინანო ამაზე.
  2. არასდროს ეძებო წამალი, რომ განიკურნო (სიყვარულს მეორე სიყვარული მოარჩენს მხოლოდ)
  3. იყავი კრეტინი (შენ თუ კრეტინიზმს ეძახი ამას).
  4. გააგრძელე ფიქრი, ოცნება ( ადამიანი სურვილების გარეშე ლეშია)
  5. ნუ მოატყუებ ნურავის, ნუ გაუცრუებ იმედს, ნუ დაპირდები იმას, რასაც ვერასდროს გააკეთებ.
  6. გიყვარდეს მთელი გულით (სანამ გიყვარს ვინმე, გახსოვდეს, რომ შენც უყვარხარ ვინმეს)
  7. გაუძელი მცირედ ტკივილს, რადგან მარადიული ბედნიერება მოსაბეზრებელია.

ეს მგონი დამოძღვრას უფრო გავდა, ვიდრე ჩემ სურვილებს ; )  მაგრამ დამეთანხმები, ალბათ, რომ „ любовь чертовский хороша“ !!!