Wednesday, February 8, 2012

„მეგობრობის დღიური“


თუ სწორად მახსოვს, მე-4 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ახალი თემა აგორდა „მეგობრობის დღიური“. იმედია, გახსოვთ ლამაზ ბლოკნოტებში, სხვადასხვა ფერის დასაკრავი იარლიყებით გაფორმებული და უამრავი წარწერებით აჭრელებული დღიურები, სადაც იმ დროისთვის ძალზედ საიდუმლო მასალები შეგეძლოთ ჩაგეწერათ, რადგან დღიურის მფლობელი წინასწარ დებდა ფიცს, რომ არავის წააკითხებდა შევსებულ გვერდებს და მას ყოველთვის საიდუმლოდ შეინახავდა.

მოკლედ, არც მე ჩამოვრჩი რითმს და კითხვარი საგულდაგულოდ შევადგინე:

1. სახელი, გვარი, ასაკი.
2. მისამართი, ტლეფონის ნომერი.
3. საყვარელი მუსიკა, კინო, მწერალი, მსახიობი, მომღერალი  
4. დაწერე 1 სასცილო ამბავი, შენს შესახებ.
5. გყავს თუ არა შეყვარებული?
6. თუ წინა კითხვის პასუხია „კი“ მაშინ დაწერე ვინ !!!  თუ              
    არა და გამოტოვე.
7. რას ფიქრობ ჩემზე?
8. რას მისურვებ ცხოვრებაში? 
9. დამიხატე რამე სამახსოვროდ.
10. დამემშვიდობე.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვარდებოდნენ, როცა კითხვარის მე-5 და  მე-6 პუნქტს კითხულობდნენ. ზოგი პირდაპირ წერდა სახელს და გვარს, ზოგი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ღირდა თუ არა დაწერა, ზოგიც თავს იკავებდა და უპასუხოდ ტოვებდა.
მართალია, „მეგობრობის დღიური“-ს ერამ დიდი ხნის წინ ჩაიარა, მაგრამ დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ, როცა ძველ ნივთებს ვათვალიერებ.
იმ დროს ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეგვენახა, რადგან არავის უნდოდა მის "პირადულში" ვინმე ზედმეტად ჩახედული ყოფილიყო. დღეს კი, როცა ელექტრონულმა სამყარომ და სოციალურმა ქსელებმა დედამიწა დაიპყრო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, არავინ დებს ფიცს, რომ რამე საიდულმოდ შეინახება. პირიქით გაჩნდა ლოზუნგი „დაე იცოდეს ყველამ!“. განახლებულ „მეგობრობის დღიურში“, ეგრედ წოდებულ  თანამედროვე FaceBook-ში ყველას დეტალურად აქვს აღწერილი ყოველდღიურად, გათენებიდან-დაღამებამდე, სად წავიდა, ვინ მოინახულა, რაზე ისაუბრეს, რამ გააბრაზა, რამ გაახარა, ვინ როგორ ხასიათზეა,  ვის ვინ უყვარს, ვინ სძულს, სად ისვენებს, როდის ჭამს  და ... ა.შ. აღარ გავაგრძელებ. არ გეგონოთ ვინმეს ვაკრიტიკებდე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი რომ მხვდება ქუჩაში, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს გუშინ ვნახე და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე (ის ხომ ჩემი FB მეგობარია). დამეთანხმებით, რომ ზოგადად მცნება „საიდუმლო“ ძალიან მალე დაკარგავს  აზრს და ყველას ეცოდინება ყველაფერი, ყველას შესახებ (ბევრი „ყველა“ გამომივიდა, მაგრამ სხვანაიად ვერ გადმოგცემთ ჩემს შეშფოთებას, თუ გაკვირვებას ვერც მე გავიგე). ისევ ვიმეორებ, ეს ალბათ კარგია, მაგრამ დროთაგანმავლობაში მეშინია “მეგობრობა” ელექტრონულმა FB-მეგობრობამ (ან კიდევა რაიმე ახალმა Miminobook-მეგობრობამ არ შეცვალოს.) სადაც ინფორმაცია ახლდება წამში ერთხელ, ყველა უსმენს ერთიდაიგივე სიმღერას, ათვალიერებს თავისი ბიძაშვილის დაქალის ქმრის საყვარლის სურათებს და  ა.შ. რა ვქნა, მაგრამ უკვე ძალიან სასაცილოდ მესახება ჩვენი თანამედროვე მეგობრობა.

დღეს კი ჩემს კახელ მეგობარს ვეჭორავებოდი Skype-ში როცა აღიარა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ბლოგი და სიამოვნებით კითხულობს ახლად შემდგარი მწერლის (ანუ ჩემ) ჩანაწერებს : ) კახელები მეტად პირდაპირები არიანო ამბობენ და მეც პირდაპირ მივიღე შექება.  მთხოვა კიდევ დამეწერა რამე და მეც მეგობრობაზე შევჩერდი. თემა, რომელიც ამოუწურავი და ყველასთვის საყვარელია. მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, თქვენით ვსულდგმულობ, უთქვენოდ არარაობა ვიქნები მეც და მთელი ჩემი ცხოვრებაც. მინდა ყოველთვის ასე ვამაყობდე თქვენით, როგორც ახლა. ჩემი ყველა მეგობარი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული და წარმატებულია და მე საკუთარი თავითაც ვამაყობ ამდენი კარგი ადამიანი რომ შევკრიბე ჩემს გარშემო.  
ВСЁ!  მორჩა!  პროტესტს ვაცხადებ!!! ხვალიდან 5 დღე აღარ შემოვალ facebook-ში !!! დამირეკეთ, მესტუმრეთ და ისე გაიგეთ ჩემი ამბები!!! (კიდევ ერთ ელექტრონული საიდუმლოს გაგიმხელთ, ეს სინამდვილეში პროტესტი არ არის, ინტერნეტს მითიშავენ : )))))))) ვიხუმრე!

ამით ვამთავრებ დღევანდელ ჩემ გამოსვლას. 
გაუფრთხილდით მეგობრებს, გიყვარდეთ და დაეხმარეთ მაშინაც, როცა ყველაზე დიდ შეცდომებს უშვებენ ცხოვრებაში.  მე თქვენ მიყვარხართ!




No comments:

Post a Comment