უკვე სამი დღეა უმოწყალოდ თოვს. ცივა და სამწუხაროდ ხედი ჩემი სამსახურის ფანჯრიდან უახლოეს მომავალში მზეს არ იუწყება. დილა თენდება რუხი ფერებით, მგონია გადავწევ ფარდას და სინათლე იმწამსვე გამომაფხიზლებს, ჩავრთავ ტელევიზორს და გასართობ პროგრამას ვიპოვნი, მაგრამ შეღავათი არანაირი. ჯერ ხომ ძალიან ადრეა და თან ძალიან ცივა. არ მიყვარს აჭყაპებული თბილისი, დეპრესიული და გამოუძინებელი მძღოლები, ყველა მოღუშული და გაბრაზებული სახით რომ დადის ქუჩაში. ზოგიერთს შუბლზე იმდენი ნაოჭი გასჩენია მუდმივი უხასიათობისგან, რომ ბაკურიანის კოპიან კოხტა კუდებს მოგაგონებთ.

მოკლედ, მოვედი სამსახურში, მივუჯექი ჩემს მაგიდას და ამ დროს თანამშრომლის ხმა მომესმა, როგორ აშაყირებდა ერთი მეორეს „რა სიყვარული მოგინდა ამ ზამთარშიო?“, გამახსენდა შეყვარებული პატარა წყვილი, რომლისთვისაც მართლა სულ ერთი იყო გარეთ თოვდა, წვიმდა, ქარი ქროდა, თუ მზე აცხუნებდა.. გამეღიმა და მივხვდი, რომ აქ გონება არაფერ შუაში იყო.
სიყვარული გულის ერთგვარი სნეულებაა, რომელიც ღრმად აღწევს ჩვენში და სხეულის ყველა ნაწილს ედება. მათშორის გონებასაც აქვეითებს და სისულელის ჩადენისკენ უბიძგებს. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ გრძნობ ზამთარში სითბოს, ქარში პოულობ თავშესაფარს, წვიმაში შენთვის იშლება ყველა ქოლგა, ზაფხულში კი უზომოდ ჰაეროვანი ხდები. ზოგი ამას "სენტიმენტალურ კრეტინიზმად" აღიქვამს და სავარაუდოდ ეს ასეც არის, თუ არასდროს გყვარებია. არც ის დაიჯეროთ, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ გვეწვევა ცხოვრებაში. შენ მთავარია მოუშვა და ის აღარასდროს წავა. სიყვარული, ალბათ ერთგვარი ნარკოტიკია. არცერთ მეცნიერს, არცერთ ექიმს არ გამოუგონია წამალი, რომელიც მოგარჩენთ ამ დაავადებისგან.
ჰოდა ჩემი სურვილი იქნება:
- მიეცი თავს უფლება ჩაიდინო სისულელე და არასდროს ინანო ამაზე.
- არასდროს ეძებო წამალი, რომ განიკურნო (სიყვარულს მეორე სიყვარული მოარჩენს მხოლოდ)
- იყავი კრეტინი (შენ თუ კრეტინიზმს ეძახი ამას).
- გააგრძელე ფიქრი, ოცნება ( ადამიანი სურვილების გარეშე ლეშია)
- ნუ მოატყუებ ნურავის, ნუ გაუცრუებ იმედს, ნუ დაპირდები იმას, რასაც ვერასდროს გააკეთებ.
- გიყვარდეს მთელი გულით (სანამ გიყვარს ვინმე, გახსოვდეს, რომ შენც უყვარხარ ვინმეს)
- გაუძელი მცირედ ტკივილს, რადგან მარადიული ბედნიერება მოსაბეზრებელია.
ეს მგონი დამოძღვრას უფრო გავდა, ვიდრე ჩემ სურვილებს ; ) მაგრამ დამეთანხმები, ალბათ, რომ „ любовь чертовский хороша“ !!!
გვანცა ეს ვერ გავიგე, შენი შემოქმედებააა? :)
ReplyDelete